ტიტანიკი იძირება

«ტიტანიკის ბორტზე გამართული ყველა დიალოგი სამუდამოდ ჩარჩათ გონებაში კატასტროფას გადარჩენილ ადამიანებს. ისინი მათი ოჯახის წევრების ბოლო სიტყვები იყო.»

 

 

Titanic
ტიტანიკი

 

 

თავი 1

 

1907 წელი იდგა. სადილი დამთავრდა. „მისის ისმეი, მგონი ჯობია, რომ ჩვენი ქმრები აქ დავტოვოთ თავიანთ სასმელთან ერთად. ვიცი, რომ ისევ მხოლოდ გემებზე უნდა ისაუბრონ. უკვე ყელში მაქვს ამოსული გემებზე ამდენი საუბარი! რა საჭიროა გემების ამდენი განხილვა! მე მიყვარს გემით მგზავრობა და არა გაუთავებელი საუბარი მათზე. თქვენ არ ხართ ასე?“

„სრულიად გეთანხმებით, მისის პირიე. ჩემი ქმარიც სულ გემებზე საუბრობს. გემებზე ფიქრობს. გემები ესიზმრება,“ მისის ისმეიმ გაიცინა და თავის ქმარს ღიმილით შეხედა. „მაგრამ ის ხომ ‘თეთრი ვარსკვლავის გზის’* გენერალური დირექტორია“. თქვა მისის ისმეიმ სიამაყით.

„და ‘თეთრი ვარსკვლავის გზა’ ყველაზე ძლიერი სანაოსნო კომპანიაა მთელ მსოფლიოში“ თქვა ლორდმა პირიემ. „აი, რატომ ვთანამშრომლობ თქვენს ქმართან მისის ისმეი. მე ‘ჰარლანდი და ვულფი’-ის გენერალური დირექტორი ვარ, გემებს ვაშენებ. და ჩვენ გვინდა, თქვენი ქმრისთვის ახალი გემები ავაშენოთ“.

„მაშინ ლამაზი გემები ააშენეთ“ უთხრა მისი პირიემ თავის ქმარს. „ისეთი გააკეთეთ რომ შიგ დიდი საცეკვაო ოთახები იყოს, ლამაზი და საყვარელი საძინებლები და ბევრი აბანოები. მოკლედ ისეთი გემი ააშენეთ ამ მშვენიერ სახლს რომ გავდეს“

„და ძლიერი“ თქვა მისის ისმეიმ. „არასდროს მომწონდა ზღვა, მაინც და მაინც. არც ზღვის წყალი მომეწონება ჩემს სახლში“. მისის ისმეიმ კიდევ ერთხელ გაიცინა და ის  და ქალბატონი პირიე ოთახიდან გავიდნენ.

„შეგიძლია, რომ ასეთი გემი ააგო, პირიე?“ ჰკითხა მისტერ ისმეიმ პირიეს.

„რა თქმა უნდა, შემიძლია,“ უპასუხა ლორდმა პირიემ.

„და საერთოდ არ ჯობია სამი გემი ამიგოთ?“ თქვა ისმეიმ „მე მინდა, რომ ისინი მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემები იყოს და იმდენი მგზავრის ჩასმა შეიძლებოდეს შიგ რამდენიც აქამდე არასდროს ყოფილა შესაძლებელი. არ მინდა, გინდა თუ არა, სწრაფი გემები. მე მინდა, უბრალოდ, რომ ისინი ისეთივე დიდები იყოს როგორც, აი, ეს სახლი. მე იქ ჩავსვამ მდიდარ და ცნობილ ხალხს მთელი მსოფლიოდან, მაგრამ, ასევე, მინდა, რომ მთელი ევროპიდან ღარიბი ხალხიც ვატარო. ისინი ამერიკაში გამდიდრდებიან და სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ჩემი გემები.“

„მოიცადე, ფურცელს მოვნახავ,“ უთხრა ლორდმა პირიემ და თავისი ჩანთიდან ფურცელი და ფანქარი ამოიღო. „დაახლოებით ასეთი გინდა?“ მან ფურცელზე ხატვა დაიწყო.

„ჰო, მგონი ზუსტად ეგ არის.“

„კარგი, მაშინ დილიდან შევუდგები ამ გემზე მუშაობას. მარა მოდი ახლა წავიდეთ, ვნახოთ ჩვენი ცოლები რას საქმიანობენ. ალბათ ფიქრობენ, რომ ჩაგვეძინა.“ სიცილით თქვა ლორდმა პირიემ. ორივენი წამოდგნენ და მეორე ოთახის კარებისკენ გაემართნენ.

 

 

თავი 2

 

მალე მუშაობა დაიწყო პირველი ორი გემის აგებაზე. პირველ გემს უწოდეს ოლიმპიკი, ხოლო მეორეს ტიტანიკი. ტიტანიკი ოლიმპიკზე გაცილებით დიდი იყო. ის საერთოდ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი იყო. გაზეთებში წერდნენ, რომ ის უფრო დიდი იყო ვიდრე ვაშინგტონის მემორიალი და ორჯერ უფრო გრძელი ვიდრე წმინდა პეტრეს ეკლესია რომში და დიდი პირამიდა ერთად აღებული. ის იმდენად დიდი და მშვენიერი იყო, რომ მისთვის მის შემქმნელებს მხოლოდ ყველაზე კარგი ემეტებოდათ. ყველაზე ძვირადღირებული საწოლები და აბაზანები. ყველაზე ძვირადღირებული დანები და ჩანგლები.  ყველაზე ძვირადღირებული მაგიდები.

„პირველი კლასის სასადილო ოთახში ოქროს თეფშები უნდა გვქონდეს.“ თქვა ერთმა კაცმა შეხვედრაზე.

“ვის რად უნდა ოქროს თეფშები,“ თქვა მეორემ. „ხალხი მათ მოპარვას და სახლში წაღებას შეეცდება.“

„მგონი თეთრი თეფშები ოქროს ხაზით წრეზე არც ისე ცუდი იქნება, არა? ძალიან ბევრი ოქრო ცუდად გამოიყურება, თითქოს აჭყეტავს“ თქვა სხვამ.

მათ ამდაგვარ თემებზე რამდენიმე საათი ისაუბრეს. ბოლოს ერთმა კაცმა თქვა,

„მაშველ ნავებზეც რამე უნდა მოვიფიქროთ.“

მაგრამ იქ დამსწრეთაგან არავის არ უნდოდა მაშველ ნავებზე ლაპარაკი. მათ მხოლოდ ლამაზ და ძვირადღირებულ საგნებზე სურდათ საუბარი. მერე ოთხი-ხუთი საათის შემდეგ, მათ მაინც მოუწიათ მაშველ ნავებზე საუბარი.

„მაშველი ნავები საკმარისი რაოდენობით არის?“ იკითხა ერთმა.

„დიახ.“

„სად უნდა განვათავსოთ ისინი?“

„ზემოთ.“

კიდევ ცოტაოდენი შეკითხვა დასვეს მაშველ ნავებზე და სულ ეს იყო. მათ მხოლოდ ათი წუთი დაუთმეს მაშველ ნავებზე საუბარს. შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომპანია „ჰარლანდი და ვულფი“-მ ოლიმპიკიც და ტიტანიკიც ბელფასტში ააგო. თავიდან ისინი ხმელეთზე ააგეს. შემდეგ როდესაც 1911 წლის 31 მაისს ტიტანიკი მზად იყო ზღვისთვის ის წყალში ჩაუჩვეს. სულ 62 წამი დაჭირდა მის ხმელეთიდან წყალში ჩაშვებას.

„ჰარლანდი და ვულფი“-ის კიდევ ერთი წელი დასჭირდა, რათა ბოლომდე დაესრულებინა ტიტანიკის მშენებლობა. მათ ის გამოსცადეს, როგორც სწრაფად, ისე ნელა ცურვისას. მოაწესრიგეს და მწყობრში მოიყვანეს სამზარეულოები, საძინებლები, აბაზანები, სასადილოები და ა.შ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის მზად იყო პირველი მგზავრებისთვის.

ტიტანიკმა საუსამპტონი დატოვა 1912 წელს, 10 აპრილს. მან საფრანგეთის ქალაქის ჩერბურგისკენ აიღო გეზი. ჩერბურგში შეჩერდა და მგზავრები აიყვანა.  აქედან ირლანდიისკენ გაემართა მგზავრების ასაყვანად და 11 აპრილის შუა დღეს იგი ქვინსტონის ნაპირებს მიადგა. ამ ქალაქიდან მგზავრების უმეტესობა ღარიბი ირლანდიელი ადამიანები იყვნენ. ისინი ამერიკაში სამუშაოსთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის მიდიოდნენ. როდესაც ქვინსტონიდან მგზავრები აიყვანა, ტიტანიკი მზად იყო თავისი მთავარი დანიშნულების შესასრულებლად. მან ნიუ-იორკისკენ აიღო გეზი და მალე ატლანტის ოკეანის ყველაზე ცივ წყლებში აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი, ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე ლამაზი გემი მსოფლიოში.

 

 

თავი 3

 

14 აპრილს გემის ზედა ნაწილზე ფრედერიკ ფლითი ღამეს უყურებდა. მთვარე არ იყო, მაგრამ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და თავისი ელვარებით ცას ალამაზებდნენ. ზღვა წყნარი იყო, თუმცა ძალიან ცივი. უკვე მეხუთე დღე იყო რაც ტიტანიკი ატლანტის ოკეანეში მოგზაურობდა.

ტიტანიკს ექვსი მეთვალყურე კაცი ჰყავდა, რომლებიც გემის თვალები და ყურები იყვნენ. ფლითს დაამახსოვრდა მისი ერთერთი ოფიცრის სიტყვები: „ფრთხილად იყავით აისბერგებთან. გავიგეთ, რომ აქა-იქ არიან.“

ღამის 10 საათი იყო. ფლითი ვერაფერ საშიშს ვერ ხედავდა გემის წინ. ის მეორე მეთვალყურეს, რეჯინალდ ლის გამოელაპარაკა.

„ძალიან მაგრად მცივა და ვერაფერ ვხედავ. შენ რამეს ხედავ?“

„ვერა. არაფერი არ არის საშიში მგონი. არასდროს მინახავს ზღვა ასეთი წყნარი“ თქვა ლიმ.

„და ჩვენ დიდი სისწრაფით მივცურავთ, არა?“

 

 

თავი 4

 

ახლა უკვე 11:40 საათი იყო.  მხოლოდ ოცი წუთი იყო დარჩენილი შუა ღამის დადგომამდე. უცებ ფლითმა მის წინ რაღაც შენიშნა. ეს რაღაც პატარა იყო, მაგრამ ყოველ წამს იზრდებოდა და იზრდებოდა. მან ტელეფონი აიღო და ოფიცერს დაუკავშირდა რომელიც გემის ბოგაზე* იმყოფებოდა.

„რას ხედავ?“

„აისბერგს გემის წინ, სერ.“

„მადლობა.“ უპასუხა ოფიცერმა.

შემდეგი ნახევარი წუთის განმავლობაში ფლითი და ლი აისბერგს უყურებდნენ და თვალს არ აშორებდნენ მას. ის სულ უფროდაუფრო ახლოვდებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, გემი გვერდით არ ბრუნდებოდა. „ჩვენ მას შევეჯახებით თუ მალე არ მოვუხვიეთ“ გაიფიქრა ფლითმა. აისბერგი ტიტანიკზე მაღალი იყო. ვარსკვლავების შუქზე მას მწვანე შეფერილობა ჰქონდა. ორმა მეთვალყურემ იგრძნო თუ როგორ შეეხო გემი აისბერგს. თუმცა ამას დიდი ხმაური არ გამოუწვევია.

ქვემოთ თავის ოთახებში მყოფმა ადამიანებმაც იგრძნეს რაღაც. არავის უფიქრია, რომ ეს საშიში იყო. ზოგიერთები თავისი საძინებლის ფანჯრებიდან აყოლებდნენ თვალს აისბერგს როცა გემი მის გვერდით მიდიოდა.

ზოგიერთი ახალგაზრდა ყმაწვილი კი ხმის გაგონებაზე გემბანზე გამოვიდა. მათ აისბერგი დაინახეს. ამ დროს ერთმა კაცმა დაიყვირა, „ეგ არის — აისბერგს დავეჯახეთ .“ სხვებს არაფერი უთქვამთ. აისბერგმა გვერდით ჩაიარა და გემაც განაგრძო ცურვა.

„წამოდი, შიგნით დავბრუნდეთ,“ თქვა ერთმა „კიდე ერთი დავლიოთ. მაინც ვერაფერს ვხედავ, ძაან სიბნელეა. არაფერი მომხდარა.“

მაგრამ ის ცდებოდა.

სწორედ ამ დროს ბოგაზე კაპიტანი სმიტი ავიდა  „ბატონო მურდოჩ, ეს რა იყო?“ იკითხა კაპიტანმა.

„აისბერგი, სერ. ვცადე მომებრუნებინა გემი მაგრამ ის უკვე ძალიან ახლოს იყო. ვერ შევძელი მისთვის ამერიდებინა თავი.“

„დაკეტეთ ყველა საავარიო კარები“

„უკვე დავკეტეთ, სერ.“

 

 

თავი 5

 

დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით ოფიცერი ჩარლზ გრუვსი „კალიფორნიელის“ ბოგაზე იდგა. „კალიფორნიელი“ ტიტანიკთან შედარებით ბევრად პატარა გემი იყო და ლონდონიდან ბოსტონისკენ მიემართებოდა. ის ძალზე ნელა მოძრაობდა და თითქმის გაჩერებული იყო სახიფათო აისბერგების გამო. „კალიფორნიელს“ უზარმაზარმა გემმა ჩაუქროლა ბევრი შუქებით.

„ნეტა აისბერგების შესახებ თუ იციან?“ გაიფიქრა გრუვსმა. „ძალიან ჩქარა მიდიან. მგონი ჯობია კაპიტანს ვუთხრა.“

კაპიტანმა ლორდმა თქვა „შეატყობინეთ მათ აისბერგების შესახებ. ფანარი გამოიყენეთ.“

გრუვსი ბრძანების შესრულებას შეუდგა. უცებ მან დაინახა, რომ დიდ გემზე ყველა შუქი ჩაქრა. „ბევრი გემი მიმართავს ამ ხერხს, რომ მგზავრებს ძილის მოახლოვების დრო შეატყობინონ.“ გაიფიქრა მან და გაეცინა.

„ისინი მალე ნიუ-იორკში იქნებიან.“

ეს ტიტანიკი იყო. შუქები იქ არავის ჩაუქრია. როდესაც ის შემოტრიალდა აისბერგის გამო, გრუვსი მხოლოდ მის უკანა ნაწილს ხედავდა. იქ შუქები არ იყო. ტიტანიკის ბოგაზე მდგომმებმა ვერ დაინახეს „კალიფორნიელის“ ფანარი. მათ არც კი იცოდნენ, რომ სხვა გემი იქვე იყო. გრუვსმაც არ იცოდა, რომ ტიტანიკი თავის კურს უკვე აღარ მიჰყვებოდა. მან ფანარი ჩააქრო. მისი სამუშაო უკვე დასრულებული იყო. მისი ადგილი დაიკავა სტოუნმა და გიბსონმა — „კალიფორნიელის“ სხვა ორმა ოფიცერმა.

 

 

თავი 6

 

„რატომ გავჩერდით?“

„არ ვიცი, სერ. ხალხი აისბერგზე ლაპარაკობს. იმიტომ გავჩერდით, რომ ის გავატაროთ. საშიში არაფერია.“

მთელს გემზე ყველა ამ შეკითხვას სვამდა. ბევრმა ისევ ლოგინებს მიაშურა. მაგრამ გემის უკანა ნაწილში ზოგიერთები საძინებლებში არ დაბრუნებულან. ამ მგზავრებს აინტერესებდათ რა ხდებოდა. კარლ ჯონსონმა შეჯახების ხმის გაგონებისთანავე ლოგინიდან წამოდგომა დააპირა. მისი ფეხები იატაკს შეეხნენ და მან ცივი წყალი იგრძნო. ჯონსონმა სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი. სანამ თავის ოთახს დატოვებდა წყალი უკვე კოჭების სიმაღლეზე იყო და ფეხსაცმელში ჩასდიოდა. ოკეანის ცივმა წყალმა მალე გემის ქვემო ნაწილები აავსო. შუქები ჩაქრა და მეზღვაურები ვერაფერს ვერ ხედავდნენ სიბნელეში.

„აანთეთ ოხერი შუქები!“

„გამოეცალეთ მანდაურობას!“

„ჩქარა! ჩქარა! გამოდით მალე მანდედან!“

გემის ბოგაზე კაპიტანს შეატყობინეს ამბები. ეს ცუდი ამბები იყო. „წყალი დიდი სისწრაფით შემოდის“ თქვა ერთმა ოფიცერმა „გემის ქვემო ნაწილი წყლით ივსება.“

ამ დროს ბრიუს ისმეი მოვიდა ბოგაზე.

„რა მოხდა?“ იკითხა მან.

„აისბერგს დავეჯახეთ,“ თქვა კაპიტანმა სმიტმა.

„გემს ძირში დიდი ხვრელია გაჩენილი.“

„საშიშია?“

„ჰო. ვშიშობ, ასეა.“

„ენდრიუსს დაუძახეთ. გემი მისი აგებულია,“ თქვა ისმეიმ. „მან ააშენა ეს გემი. ჩვენზე მეტი მას ეცოდინება გემის შესახებ.“

ტომას ენდრიუსი და კაპიტანი სმიტი გემის ქვემო ნაწილში ჩავიდნენ და ნახეს შემომავალი წყალი. შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ ბოგაზე. მათ სახეებზე ბოლომდე ვერ აღიბეჭდებოდა თუ რას გრძნობდნენ ისინი.

უცებ გემი გაინძრა.

„ეს რა იყო?“ უთხრა ერთმა მგზვრმა მეორეს. „ზღვა წყნარია და გემი გაჩერდა. იგრძენი?“

მეორე მგზავრმა არაფერი უპასუხა.

„გემის წინა ნაწილი ქვემოთ იწევს, ამასაც ვერ გრძნობ?“

„ოო, რა ვიცი რა. შეუძლებელია ამ გემის ჩაძირვა!“

 

გემის ბოგაზე კაპიტანმა უთხრა ტომას ენდრიუსს,

„ტომას, შენ ხარ ამ გემის ამგები. რას ფიქრობ, შეგვიძლია რამე ვიღონოთ?“

„დაახლოვებით 100 მეტრისოდენა ხვრელია წყლის ქვეშ. ტიტანიკს ქვემოთ 16 განყოფილება აქვს. მათგან ხუთი წყლით არის ამოვსებული.“

„ანუ, ეს რას ნიშნავს?“ იკითხა ისმეიმ.

„ეს ნიშნავს,“ თქვა ენდრიუსმა „რომ ტიტანიკი არის გაკეთებული თექვსმეტი განყოფილებისგან. ყოველი განყოფილება არის როგორც ძალიან ძლიერი დიდი ყუთი. ყოველ განყოფილებას საკმაოდ ძლიერი კარები აქვს. ჩვენ შეგვიძლია ისინი დავკეტოთ რომ წყალმა ისინიც არ ამოავსოს.“

„ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ“ დაამატა კაპიტანმა სმიტმა.

„ერთი წყლით სავსე განყოფილებით ტიტანიკი არ ჩაიძირება.“ განაგრძო ენდრიუსმა. „რა თქმა უნდა, ეს ძალზე საშიში იქნება მაგრამ გემი არ ჩაიძირება. ორი წყლით სავსე განყოფილებით გემი არ ჩაიძირება. სამი ან ოთხი წყლით სავსე განყოფილებითაც გემი არ ჩაიძირება. მაგრამ თექვსმეტიდან ხუთი განყოფილება თუ წყლით გაივსება, გემის წინა მხარე ნელნელა დაბლა ჩაეშვება და ჩაიძირება. როცა ეს მოხდება წყალი მეხუთე განყოფილებიდან მეექვსეში გადავა.“

„და მერე…?“ იკითხა თავისდაუნებურად ისმეიმ.

„წყალი განყოფილებებს ერთმანეთის მიყოლებით აავსებს და გემი ჩაიძირება.“

„არის რამე გზა გემის გადასარჩენად?“

„ვშიშობ, არა.“

 

 

თავი 7

 

ღამის 12:05 საათზე კაპიტანმა ოფიცრებს უბრძანა „მოამზადეთ ნავები. მგზავრებს აცნობეთ რომ გემი იძირება.“ ეს იყო შეჯახებიდან 25 წუთის შემდეგ.

კაპიტანი სმიტი რადიოს ითახისკენ გაემართა. ჯონ ფილიპსი, რადიოს ოფიცერი, ძალიან დაღლილი იყო. რადიოს ოფიცრის სამუშაო ძალიან მძიმე იყო იმ დროს. რადიო ჯერ ახალი გამოგონებული და ძალიან სუსტი იყო. მგზავრებს მოსწონდათ რადიო. ისინი ყოველდღე უამრავ შეტყობინებას უგზავნიდნენ მისი დახმარებით მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ჯონ ფილიპსი აგზავნიდა მათ შეტყობინებებს კეიპ რეისში*, ამერიკაში. აქედან კი შეტყობინებები მთელ მსოფლიოში იგზავნებოდა.

11:55 საათზე რადიოს მეორე ოფიცერი ბრაიდი გამოელაპარაკა ფილიპსს. „დაიღალე, ჯონ? მოდი შეგენაცვლები, წადი დაისვნე. მე კარგად გამოძინებული ვარ?“

„მადლობა ბრაიდ, ეს ესაა მოვრჩი კეიპ რეისთან შეტყობინებების გზავნას. ძალიან რთული ღამე იყო. მთელი დღეა არ გავჩერებულვარ, ამდენი მესიჯი არასდროს მქონია. დაახლოებით ერთი საათის წინ ველაპარაკე კეიპ რეისს. ხმა ძლიერი იყო. მერე უცებ, შუა საუბარში ვიღაც ჩამეჩარა. მითხრა „კალიფორნიელის“ ოფიცერი ვარ, თქვენ ახლა გვერდით ჩაგვიარეთო. მე ვუთხარი, ვერ ხედავ, კეიპ რეისს ველაპრაკები მოკეტე მეთქი.

„სხვა რა თქვა კიდე იმ ‘კალიფორნიელის’ ოფიცერმა?“

„რაღაცას ამბობდა აისბერგებზე.“

„მეტი არაფერი?“

„არა.“

ბრაიდმა ფილიპსის ადგილი დაიკავა. ფილიპსმა ტანსაცმელი გამოიცვალა და საძინებლისკენ გაემართა. ზუსტად ამ დროს კაპიტანი სმიტი შემოვიდა რადიოს ოთახში.

„აისბერგს დავეჯახეთ“ უთხრა მან ბრაიდს „მოემზადე დახმარების შეტყობინების გასაგზავნად, მაგრამ სანამ მე არ გეტყვი მანამ არაფერი გააკეთო.“ კაპიტანმა ოთახი დატოვა, მაგრამ ორიოდე წუთში უკან დაბრუნდა.

„ახლავე გააგზავნე შველის შეტყობინება.“ თქვა მან.

ამ დროს ფილიპსი უკან დაბრუნებულიყო რადიოს ოთახში. 12:15 საათზე მან დაიწყო დახმარების თხოვნის შეტყობინების გაგზავნა. „CQD MGY CQD MGY CQD MGY CQD MGY CQD MGY…“ მაშინ CQD ნიშნავდა დახმარების თხოვნის შეტყობინებას, იგივე SOS, ხოლო MGY ტიტანიკის საიდენტიფიკაციო ასოები იყო. მან შეტყობინება ხუთჯერ გაგზავნა.

თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით „კალიფორნიელზე“ ჩარლზ გრუვესი იმყოფებოდა რადიოს ოთახში.

„მორჩი მუშაობას?“ ჰკითხა მან რადიოს ოფიცრს — ქირილ ევანსს.

„ჰო. თორმეტის ნახევარზე მოვრჩი. რთული ღამე იყო.“

„რომელ გემებს ელაპარაკე?“

„მხოლოდ ტიტანიკს და მათ მითხრეს რომ მომეკეტა.“

გრუვესმა ცოტა ხანს უსმინა რადიოს. საერთოდ არაფერი ისმოდა. მან რადიოს ოთახი 12:15 საათზე დატოვა.

 

 

თავი 8

 

„გემი იძირება. ჩაიცვით მაშველი ჟაკეტები. მოემზადეთ გემის დასატოვებლად.“

მალე ტიტანიკზე ყველამ შეიტყო ახალი ამბები. მგზავრებმა თავისი ოთახები დატოვეს და გემბანზე გამოვიდნენ. ზოგიერთებს სქელი პალტოები პირდაპირ ღამის პერანგებზე შემოეცვათ. ზოგიერთმა ფორთოხლები აიღო და ფულით სავსე კოლოფები იქვე დატოვა. ზოგიერთებმა წიგნები აიღეს გზაში წასაკითხად. მგზავრების ქვემოდან ზემოთ გემბანზე ასვლამ ოდნავი ხმაური გამოიწვია. პირველი კლასის მგზავრები ერთად იდგნენ გემის ცენტრში. მეორე კლასის მგზავრები ცოტა მოშორებით უკან იდგნენ. მესამე კლასის მგზავრები კი გემის ყველაზე უკანა ნაწილში მოგროვილიყვნენ. მეზღვაურებმა სამაშველო ნავების მომზადება დაიწყეს.

სულ თექვსმეტი სამაშველო ნავი იყო. 8-8 გემის ორივე მხარეს. ისინი ყველა ხისგან იყო გაკეთებული. ასევე, იყო ოთხი პატარა ნავი.

ყველა ნავს ერთად 1178 ადამიანის გადაყვანა შეეძელო. ტიტანიკზე სულ 2224 ადამიანი იმყოფებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, მგზავრებს არ ეშინოდათ. მათ ჯერ კიდევ არ სჯეროდათ, რომ ტიტანიკის დასასრული ახლოს იყო.

„ტიტანიკის ჩაძირვა შეუძლებელია! ის მსოფლიოში უდიდესი გემია! კაპიტანმა და მისმა ოფიცრებმა იციან თავისი საქმე“ ფიქრობდნენ ისინი. „ისინი გადაგვარჩენენ.“

მაგრამ ეს პირველად ხდებოდა მეზღვაურებისა და მათი ოფიცრების სიცოცხლეში. მათ ამგვარ სიტუაციაში მოხვედრის გამოცდილება არ ჰქონდათ და საქმეც ნელა მიდიოდა.

„ჩაუშვით წყალში ნავი ნომერი 4.“ თქვა ერთმა ოფიცერმა.

„არა, მოიცადე,“ თქვა მეორემ „ჩვენ ჯერ მზად არ ვართ.“

„კარგი“.

„გაავსეთ ნავი.“

„ჯერ არა.“

„რატო არა? კაპიტანმა ასე ბრძანა. ჯერ ქალები და ბავშვებიო.“

რამდენიმე წუთის შემდეგ: „ეხლა რაღა მოხდა?“

„ფანჯრები დაკეტილია. ვერავინ ახერხებს გამოსვლას“

„მაშინ გააღეთ ეგ ოხერი ფანჯრები. დაამტვრიეთ, ჩაამტვრიეთ მაგრამ ჩასვით მგზავრები ნავებში.“

მაგრამ ბავშვებსა და ქალებს არ უნდოდათ ნავებში ჩასხდომა.

„აქ უფრო კარგად ვართ, ვიდრე მაგ პატარა ნავში ვიქნებით“ თქვა ერთმა ახალგაზრდა ქალმა.

„მოდით ქალბატონო“ უთხრა მეზღვაურმა ერთ მოხუც ქალბატონს.

„არ წამოვალ“ მიუგო მოხუცმა ქალბატონმა უნდობი სიჯიუტით.

„დატოვე თუ დარჩენა უნდა“ უთხრა ოფიცერმა მეზღვაურს „მაგრამ გაავსე ნავი.“

ძალიან ცოტა ქალი და ბავშვი ჩაჯდა ნავში. ოფიცრებს მოუწიათ ცოლები თავიანთ ქმრებთან ერთად ჩაესვათ ნავში, რომ როგორმე გაევსოთ ის.

ნავმა ნელნელა დაიწყო გავსება. როდესაც ნომერ მე-4 ნავში 18 მგზავრი მოგროვდა, ოფიცერმა თქვა „ჩაუშვით წყალში.“

ეს იყო პირველი ნავი რომელიც წყალში ჩაუშვეს.

„რამდენი ხანი დაგვრჩა?“ შეეკითხა კაპიტანი სმიტი ენდრიუსს.

„სადღაც ერთი საათი, ასე ვფიქრობ,“ თქვა მან „წყალი სწრაფად შემოდის.“

 

 

თავი 9

 

რადიოს ოთახში ჯონ ფილიპსი აგზავნიდა დახმარების შეტყობინებას ისევ და ისევ, ერთმანეთის მიყოლებით, გაუჩერებლად. პირველად მას „Frankfort“-ი გამოეხმაურა 12:18-ზე. შემდეგ „Mount Temple”-ი, „Virginian“-ი და „Birma“.* მალე ყველა ტიტანიკზე ლაპარაკობდა.

„იცი რომ კეიპ რეისს შენთან ლაპარაკი უნდა?“ ჰკითხა ფილიპსს კარპატიის* რადიოს ოფიცერმა.

„რა დროს კეიპ რეისია, მოდით, გვიშველეთ ვინმემ“ უპასუხა ჯონ ფილიპსმა „ჩვენ აისბერგს დავეჯახეთ, ეს CQD-ია, მოხუცო, საქმე სერიოზულად არის. ჩვენ ვართ 41.46 ჩრდილოეთით და 50.14 დასავლეთით.“

„მოვახსენო კაპიტანს?“

„მიდით, სწრაფად.“

რამდენიმე წუთის შემდეგ კარპატიის რადიოს ოფიცერმა უთხრა ფილიპსს

„მოვდივართ. თქვენგან სამოცდაათ კილომეტრში ვართ.“

„ეს ფრანკფურტია.“

„სად ხართ?“

„240 კილომეტრში ვართ თქვენგან.“

„მოდიხართ ჩვენ დასახმარებლად? “

„მოვდივართ.“

 

„დახმარების თხოვნის რომელ ფორმას იყენებ ჯონ?“ ჰკითხა ბრაიდმა ჯონ ფილიპსს.

„CQD,“ უპასუხა ფილიპსმა.

„არ ჯობია ახალი ფორმა გამოვიყენოთ — SOS? ბევრად უფრო ადვილია გასაგებად.“

ამგვარად ჯონ ფილიპსმა SOS-ის გამოყენება დაიწყო. უკვე 12:45 საათი იყო.

 

კი, მაგრამ „კალიფორნიელი“ ხომ იქვე იყო. მას ხომ შეეძლო დახმარებოდა ტიტანიკს. ის მხოლოდ თხუთმეტ კილომეტრში იმყოფებოდა მისგან. ტიტანიკის ბოგაზე ოფიცრები ხედავდნენ კალიფორნიელის შუქებს. ერთმა ოფიცერმა სცადა შეტყობინების გაგზავნა ფანრით. მაგრამ პასუხი მათგან არ იყო. კაპიტანმა სმიტმა თქვა „რაკეტები გაუშვით. ისინი ვალდებულები არიან მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად.“

ერთერთმა ოფიცერმა, რომელიც კალიფორნიელის ბოგაზე იდგა ცაში რაკეტები დაინახა.

„უცნაურია“ თქვა მან „რატომ გაუშვეს რაკეტები? ალბათ კარგ დროს ატარებენ. მე ვცადე შეტყობინება გამეგზავნა მათთვის აისბერგების შესახებ, მაგრამ ისინი არ გამომეხმაურნენ. ერთი ორჯერ ფანრის შუქიც დავინახე მათგან, მარა მგონი შეტყობინება არ უნდა იყოს. ზოგიერთები უცნაურ რაღაცეებს აკეთებენ ზღვაში. რაკეტები!“

 

 

თავი 10

 

ტიტანიკის მგზავრებმაც დაინახეს რაკეტები რომლებიც ოფიცრებმა გაუშვეს.

„ეს ნიშნავს, რომ საქმე ცუდად არის,“ უთხრა ერთერთმა მგზავრმა მის ახალგაზრდა ცოლს „მგონი ჯობია დავემშვიდობოთ ერთმანეთს.“

„ყველაფერი კარგად არის პატარა ქალბატონო,“ უთხრა დენ მარვინმა თავის ახლად შერთულ ცოლს „შენ წადი და მე აქ დავრჩები ცოტა ხნით.“

„მოგვიანებით გნახავ.“ თქვა ადოლფ ჰაიკერმა როცა ის თავის ცოლს ნავში ჩაჯდომაში ეხმარებოდა.

მარკ ფორტუნი თავის მეუღლეს და სამ ქალიშვილს ეხმარებოდა ნავში ჩაჯდომაში თავის ბიჭთან ერთად, „ჩვენ შემდეგ ნავს გამოვყვებით“ უთხრა მან თავის ცოლს და გოგონებს.

„ჩარლზ, მამას მიეშველე,“ დაუყვირა ერთმა გოგონამ თავის ძმას.

„ვოლტერ“ უთხრა მისის დუგლასმა თავის ქმარს „შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე.“

„არა.“ უპასუხა მან „კაცი ვარ და კაცურად მოვიქცევი.“

„მაშინ მეიჯორ ბათთან და მისტერ მურთან ერთად წამოდი“ უთხრა მას ცოლმა ვედრებით „ისინი დიდი და ძლიერი მამაკაცები არიან.“

„ჯერ ბავშვები და ქალები.“ ახლა უკვე თითქმის აღარავის უნდოდა ტიტანიკზე დარჩენა. გემის წინა მხარე ახლა უფრო ღრმად იყო წყალში ჩაფლული. ტომას ენდრიუსმა ადამიანების ჯგუფი გაჰკვეთა „უნდა გაიგოთ ერთხელ და სამუდამოდ“ თქვა მან „არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. ნავში ჩასხედით! ჩასხედით ჩქარა!“

მაშველი ნავები წყალში ერთმანეთის მიყოლებით ეშვებოდნენ.

მოხუცმა ქალბატონმა დაიყვირა, „არ ჩამსვათ ნავში. არ მინდა ნავში. არასდროს ვყოფილვარ ღია ზღვაში ნავით აქამდე.“

„უნდა ჩაჯდეთ ქალბატონო,“ უთხრა ოფიცერმა.

ზოგიერთი მგზავრთაგანი ინგლისურად არ ლაპარაკობდა. მათ ოფიცრების არ ესმოდათ, ხოლო ოფიცრებს მათი. ბევრი ადამიანი მესამე კლასიდან, ძალიან შეშინებული იყო. ზოგიერთებმა მოახერხეს ნავებში მოხვედრა, მაგრამ უმეტესობამ ვერა. ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე დარბოდნენ, შეკითხვებს სვამდნენ და პასუხს არ ელოდებოდნენ.

სამაშველო ნავების უმეტესობა ახლა უკვე წასული იყო. ტიტანიკის გვერდები მათ ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. სამაშველო ნავებიდან თვალები ტიტანიკისკენ იყო მოპყრობილი. მათ ესმოდათ მუსიკა, რომელსაც გემის ბენდი უკრავდა. ეს ცეკვის ხალისიანი მუსიკა იყო.

კაპიტანმა სმიტმა მერვე სამაშველო ნავის მეზღვაურებს უთხრა „ხედავთ იქით შუქებს იმ ნავზე? წაიყვანეთ მგზავრები იქ და მერე ჩვენ დასახმარებლად მოდით.“

მერე მან ოფიცერს უთხრა, „შეგიძლიათ იმ გემს შეტყობინება კიდევ ერთხელ გაუგზავნოთ?“

„დიახ, სერ.“

„მას, აი, ეს უთხარით: „ჩვენი ტიტანიკი ვართ. ვიძირებით. გთხოვთ გაამზადეთ თქვენი ყველა ნავი.““

ოფიცრები ცდილობდნენ გემთან დაკავშირებას ისევ და ისევ. მაგრამ მათგან პასუხი არ ყოფილა. ტიტანიკის ოფიცრებმა კიდევ გაუშვეს ცაში რაკეტები.

კალიფორნიელის ბორტზე, ორმა ოფიცერმა სტოუნმა და გიბსონმა რაკეტები დათვალეს. მათ ხუთი რაკეტა დაინახეს. გიბსონმა შეტყობინება გაუგზავნა ტიტანიკს ფარნით. პირველ საათზე მან მეექვსე რაკეტა დაინახა.

1:10 საათზე სტოუნი კაპიტან ლორდს ელაპარაკა ტელეფონით. მან კაპიტანს უთხრა, რომ დიდი გემიდან ექვსი რაკეტა გაუშვეს. „არ ვიცი რას გულისხმობენ, სერ,“ უთხრა მან „რა გავაკეთო?“

„მეორე შეტყობინება გაუგზავნე ფანრით.“ უთხრა მას კაპიტანმა.

სტოუნსა და გიბსონს შეეძლოთ დიდი გემის დანახვა ბინოკლიდან. „მოდი, შეხედე“ უთხრა გიბსონმა სტოუნსს. „რაღაც ძალიან უცნაურად გამოიყურება. ერთი მხარე  წყლიდან ძალიან ზემოთაა აწეული. ახლა მისი წითელი შუქებიც ჩაქრა.“

 

 

თავი 11

 

ზღვა გემის წინა ნაწილზე ზემოთ იყო. ახლა უკვე უკლებლივ ყველა მგზავრს სამაშველო ნავების დახმარებით უნდოდა გადარჩენა. ერთი ირლანდიელი ოცდაორი წლის მამაკაცი დევიდ ბაკლი სხვა კაცებთან ერთად სამაშველო ნავში ჩახტა. მან თავზე ნაჭერი შემოიხვია. ის ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა ქალბატონს. ასე, რომ ოფიცერმა ის დატოვა ნავზე სხვებს კი მისი დატოვება უბრძანა.

სხვა ახალგაზრდა კაცმა ნავში დამალვა სცადა. ოფიცერმა ის ერთი თვალის შევლებით იპოვა „შენ უნდა დაიცადო. ჯერ ქალები და ბავშვები.“ ახალგაზრდა კაცმა ტირილი დაიწყო და ნავიდან არ ამოდიოდა. ოფიცერმა იარაღი ამოიღო. ახალგაზრდამ ტირილს მოუმატა. „კაცი არა ხარ?!“ დაუღრიალა ოფიცერმა „ამოდი ნავიდან!“ ამის თქმაზე მან ყმაწვილს ხელი დაავლო მხარში და ნავიდან ამოიყვანა. ყველა ბავშვმა და ქალმა ნავში ტირილი დაიწყო. ერთი გოგონა ოფიცერს შეეხვეწა, „გთხოვთ, არ ესროლოთ! არ ესროლოთ გთხოვთ. საწყალი ბიჭი.“

ბიჭმა იქაურობა ჩუმად დატოვა.

შემდეგ კაცების ჯგუფმა სცადა ნავში მოხვედრა. ოფიცერმა კიდევ ერთხელ ამოიღო იარაღი. „არც გაბედოთ ამ ნავში ჩასხდომა, თორემ ამ იარაღის გამოყენება მომიწევს.“ თქვა მან. შემდეგ ჰაერში გაისროლა სამჯერ.

„გამოდით უკან! უკან მეთქი! ჯერ ქალები!“

სამაშველო ნავები ერთი-მეორის მიყოლებით ტოვებდნენ ტიტანიკს. ბოლოს მხოლოდ ერთი  ნავიღა დარჩა. ზღვა კი სულ უფრო და უფრო, დიდი სისწრაფით  უახლოვდებოდა გემბანს.

დარჩენილ ნავზე ორმოცდაშვიდი ადამიანის ჩასმა შეიძლებოდა. ტიტანიკზე კი 1600 ადამიანი იყო დარჩენილი. მეზღვაურებმა ხალხის ბრბო ნავიდან გაყარეს „მხოლოდ ქალები და ბავშვები,“ დაიყვირა ოფიცერმა.

მამამ თავისი ორი პატარი ბიჭუნა მიუყვანა ოფიცერს „წაიყვანეთ,“ თქვა მან და ისევ ბრბოს შეერია.

მისტერ ჰარისმა თავისი ცოლი მოიყვანა „დიახ, ვიცი“ უთხრა მან ოფიცერს, „მე დავრჩები.“

მისს ევანსმა თავისი ადგილი გათხოვილ ქალს დაუთმო. „ჯერ თქვენ წადით,“ უთხრა მან „თქვენ ბავშვები გყავთ სახლში.“

 

 

 

 

 

 

თავი 12

 

სამაშველო ნავები აღარ დარჩა. მხოლოდ ორი პატარა ნავიღა იყო დარჩენილი. მაგრამ ამ ნავებამდე ხელი არავს მიუწვდებოდა. ყველამ იცოდა, რომ მალე დაიხოცებოდნენ. არავინ არ ინძრეოდა. ყველა ჩუმად იყო. მხოლოდ ბენდი უკრავდა. ეს იყო ცეკვის წყნარი მუსიკა.

ჯონ ფილიპსი ისევ რადიოს ოთახში იჯდა. რადიოს მეორე ოფიცერი ბრაიდი მის გვერდით იდგა. ამ დროს კაპიტანი სმიტი შევიდა მათთან ოთახში.

„ჯენტლმენებო,“ თქვა მან „თქვენ აღარაფრის გაკეთება აღარ შეგიძლიათ.“

მაგრამ ფილიპსი არ ჩერდებოდა.

ადამიანებმა დაიწყეს გემიდან გადახტომა ოკეანის ცივ წყალში. ზოგიერთმა ისიც კი მოახერხა, რომ სამაშველო ნავებამდე მიეცურა. მაგრამ ასეთი მხოლოდ რამდენიმე კაცი იყო. მეზღვაურებისა და ოფიცრების უმრავლესობა გემზე დარჩა. ისინი ჩუმად იდგნენ. ზოგიერთი მათგანი წყნარად მიდი-მოდიოდა ზემოთ-ქვემოთ. ხალხის უმრავლესობა კი გემის უკანა მხარეს მოხვედრას ცდილობდა. ეს ახლა ყველაზე მაღალი ადგილი იყო წყლიდან.

კაპიტანი სმიტი გემის ბოგაზე იდგა. მას გაახსენდა გუშინდელი ოთხი შეტყობინება აისბერგების შესახებ. ის ცივ წყალზე ფიქრობდა.

ჯონ ფილიპსს გაახსენდა შეტყობინება კალიფორნიელისგან თერთმეტ საათზე. ორმოცი წუთით ადრე შეჯახებამდე.

ყველას გაახსენდა პატარა რაღაც წარსულიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე ძალიან გვიან იყო.

2:10 საათზე ფილიპსი ისევ რადიოსთან იყო. ბრაიდი იმ დროს შემოვიდა რადიოს ოთახში როდესაც ერთი მეზღვაურთაგანი ფილიპსის სამაშველო ჟაკეტის მოპარვას ცდილობდა. „ფილიპს!“ დაიყვირა ბრაიდმა „შენი ჟაკეტი მიაქვს!“

ბრაიდი შეაფრინდა მეზღვაურს და ძირს დააგდო იგი. ფილიპსმა რამდენჯერმე დაარტყა მას და სამაშველო ჟაკეტი წაართვა. „წამოდი,“ დაიყვირა ბრაიდმა „ზღვა უკვე კარებამდეა!“

ორივენი გარეთ გავარდნენ. მეზღვაური ისევ ძირს იწვა გაუნძრევლად. ბენდმა შეწყვიტა საცეკვაო მუსიკის დაკვრა. ახლა ისინი „შემოდგომას“ უკრავდნენ.

სამაშველო ნავებში ქალებს და ბავშვებს მუსიკის ხმა ესმოდათ. ტიტანიკზე ხალხი მუსიკას აღარ უსმენდა, აღსასრული ძალიან ახლოს იყო.

„ვაიმე, გადამარჩინეთ! გადამარჩინეთ გეხვეწებით!“ დაიკივლა აცრემლებულმა ახალგაზრდა ქალმა.

„მხოლოდ ღმერთს შეუძლია თქვენი გადარჩენა მის.“ უთხრა იქვე მყოფმა ყმაწვილმა კაცმა. შემდეგ მან გოგონას მკლავები შემოჰხვია ათრთოლებულ სხეულზე და გემის კიდიდან ორივენი წყალში გადაეშვნენ.

გემის წინა მხარემ ძალიან სწაფად დაიწყო ჩაძირვა. წყალმა მთლიანად ამოავსო წინა ნაწილი. შემდეგ გემის უკანა ნაწილი წყლიდან ზემოთ ამოვიდა. მერე უკანა ნაწილმაც ჩაძირვა დაიწყო. შუქები ჯერ კიდებ ენთო. მხოლოდ გემის უკანა მხარე იყო წყლიდან ოდნავ ზემოთ.

შემდეგ რამდენიმე დიდმა გრუხუნის ხმამ გაჰკვეთა ჰაერი. მერე ხმა შეჩერდა.

„მორჩა, გათავდა. გემი აღარ არის.“

ერთერთ სამაშველო ნავზე, ოფიცერი პიტმანმა  დახედა თავის საათს „სამის ოცი წუთია.“

თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით გიბსონი და სტოუნი ტიტანიკს ბინოკლიდან უყურებდნენ. 2:05 საათზე სტოუნი კაპიტან ლორდს ტელეფონზე ელაპარაკა. „გემმა რვა რაკეტა გაუშვა. გემბანი წყალთან ძალიან ახლოს არის.“

„ყველა თეთრი რაკეტა იყო?“ იკითხა კაპიტანმა.

„დიახ.“ უპასუხა სტოუნმა.

„რომელი საათია?“

„სამის ხუთი წუთია, სერ.“

კაპიტანი ლორდი ისევ დასაძინებლად შებრუნდა.

2:20 საათზე სტოუნმა გიბსონს უთხრა, „გემი აღარ ჩანს.“

შემდეგ, 2:40 საათზე მან ისევ სცადა კაპიტანთან დალაპარაკება, მაგრამ კაპიტანს ეძინა.

4:00 საათზე უფროსმა ოფიცერმა ჯორჯ სტიუარტმა სტოუნის ადგილი დაიკავა კალიფორნიელის ბოგაზე. სტოუნმა მას უამბო რაკეტების შესახებ. მან სტიუარტს უამბო სხვა რაკეტის შესახებაც, რომელიც სამხრეთიდან გაუშვეს 3:40 საათზე, „ყველა დანარჩენი ჩრდილოეთიდან იყო“ თქვა სტოუნმა. შემდეგ ის დასაძინებლად წავიდა.

4:30 საათზე სტიუარტი კაპიტანს უკანასკნელ რაკეტაზე ელაპარაკა.

„ჰო, ვიცი,“ თქვა კაპიტანმა ლორდმა „ახლავე ამოვალ ბოგაზე.“

„შეტყობინება გავუგზავნოთ?“

„არა, მგონი ჯობია არ გავუგზავნოთ.“

5:40 საათზე სტიუარტმა რადიოს ოფიცერი ევანსი გააღვიძა. მან ევანსს რაკეტების შესახებ უამბო. „გაარკვიე, რა მოხდა,“ უთხრა მან.

ორი წუთის შემდეგ ევანსი სტიუარტთან გაჩნდა. სახეზე ფერი აღარ ედო. „გემი ჩაიძირა“ თქვა მან. „ტიტანიკი აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა.“

კაპიტანი ლორდი საწოლიდან წამოვარდა. „ჩქარა!“ დაიყვირა მან „მიიყვანეთ ეს გემი იქამდე ახლავე. უნდა დავეხმაროთ მათ თუ შევძლებთ!“

 

1514 ადამიანი ჩაჰყვა ტიტანიკს ატლანტის ოკეანის ფსკერზე. მათი უმრავლესობა მესამე კლასის წარმომადგენელი ღარიბი ადამიანები იყვნენ.

რატომ მოხდა ეს ტრაგედია?

არ იყო საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები.

რადიო ძალიან სუსტი იყო. ძალიან ბევრი შეტყობინებები იყო. რადიოს ოფიცრები მუშაობას 11:30 საათზე ამთავრებდნენ იმ ხანად.

აისბერგები ძალიან საშიშია და მაშინ ტიტანიკზე არავინ იცოდა მათ შესახებ შესაბამისად.

დღეს ყველა გემმა საჭირო რაოდენობით უნდა ატაროს სამაშველო ნავები ყველა ადამიანისთვის ვინც ბორტზეა. გემებზე რადიოს ოფიცრებმა უნდა იმუშაონ 24 საათი. ყველა გემმა უნდა უსმინოს რადიოს აისბერგებზე ცნობების შესახებ.

რატომ არ წავიდა კალიფორნიელი ტიტანიკის დასახმარებლად დროულად?

რა მოუვიდა კაპიტან სმიტს?

არავინ იცის. სხვა უამრავი შეკითხვის მსგავსად ტიტანიკზე, რომლებზე პასუხიც არავინ იცის.

შეიძლება ზღვას ჰქონდეს ერთი-ორი პასუხი ჩვენთვის შემონახული.

 

 


 

       

                                                                           შენიშვნები:

 

 

თავი 1

თეთრი ვარსკვლავის გზა — ცნობილი ბრიტანული სანაოსნო კომპანია იყო ძველად.

ჰარლანდი და ვულფი — გემების მშენებელი კომპანია.

 

 

თავი 4

კაპიტნის ბოგა — ადგილი გემბანზე საიდანაც გემის მართვა ხორციდლდება

 

 

 თავი 7

კეიპ რეისი — რადიო სადგური

თავი 9

Frankfort, Mount Temple, Virginian, კარპატია — გემების სახელები

 

 

 

 კ. რ. კრიპველი (K. R. Cripwell)

 

ნიკა ობოლაშვილის თარგმანი

Реклама